ირანში ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაწყებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ ამ დროისთვის, პროტესტი ქვეყნის 31-ვე პროვინციაში 111 დიდ და საშუალო ქალაქში გავრცელდა.
HRANA-ს ცნობით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 34 დემონსტრანტი და 4 სამართალდამცავი დაიღუპა. ამასთან, დაკავებულია 2 200-მდე აქციის მონაწილე.
BBC-ის სპარსულმა სამსახურმა 21 ადამიანის გარდაცვალება და მათი ვინაობა დაადასტურა, ხოლო ირანის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ხუთი თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
პროტესტის მონაწილეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ და BBC-ის მიერ დადასტურებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე შეტაკებებში სამართალდამცავები პროტესტის მონაწილეებს ცეცხლს უხსნიან.
ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროტესტის ზოგიერთი მონაწილე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღითაა შეიარაღებული.
სახელმწიფო მედიამ ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ტვირთის შესამსუბუქებლად, 71 მილიონი მოქალაქისთვის ახალი ყოველთვიური დახმარების გადახდა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 7 დოლარს უტოლდება.
29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.
New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 2 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუკი ირანი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავს, აშშ მათ გადასარჩენად "მზად არის".





