შსს-ს ცნობით, საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში მანქანით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის გამოც ის დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს.
"შსს-ს თანამშრომლებმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ისრაელის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციელებმა აკუსტიკური იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
აღნიშნული ქმედების გამო, დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით". - წერია შსს-ს განცხადებაში.





