სურსათის ფასები

ბევრი ფაქტორია, რაც ფასზე ნეგატიურად აისახება, მათ შორის რეგულირება - რიჟამაძე

BMG • ბიემჯი / Facebook

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე სასურსათო პროდუქციაზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. რიჟამაძე ამბობს, რომ ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც პროდუქციის ფასზე უარყოფითად აისახება.

"ბევრი ფაქტორია, რაც საბოლოოდ, ფასზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მათ შორის, ნებისმიერი ტიპის რეგულირება, რაც შემოდის და ბიზნესს დამატებით წნეხად აწვება. შეგვიძლია ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვანოთ გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით ფასები გაზარდა [...] 

მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია იძულებულია მაღალი ფასნამატი ჰქონდეს, რომ ოპერირება საერთოდ შეძლოს. იმიტომ, რომ ის ფიზიკურად ვერ მოხვდება ქსელში და ქსელს დატოვებს, თუ გარკვეული ტიპის გადასახადებს არ გადაიხდის [...] გვაქვს შესვლის გადასახადი, ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, რეტრობონუსი, ქეშბექი, დამატებით თაროს გადასახადი [...]

მხოლოდ ეს არაა გამომწვევი პრობლემა, მთელი რიგი სხვა გარემოებები არსებობს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მათ შორის, ფასნამატთან და მოგების მარჟასთან მიმართებით თუ ჩვენ ევროპის რომელიმე ქვეყანას ვედრებით, მნიშვნელოვანია, თუნდაც საბანკო პროდუქტი შევადაროთ. თუ იქ ბიზნესისთვის 4%-ია, საქართველოში არის 15% [...] საბოლოოდ, ეს ყველაფერი ფასზე იმხელა წნეხია, რომ საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება. არცერთი მწარმოებლის ინტერესი არ არის, რომ მაღალი ფასი ჰქონდეს, თუ ის იძულებული არაა". - თქვა რიჟამაძემ.

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასი ბევრად აღემატება ევროპულ ფასებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ბაზრის მოთამაშეები შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. ის სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლსკენ მოუწოდებს და ასევე, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

"აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.

[...] ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება". - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები