საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის, ილია II-ის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ელჩების კონფერენცია 2025-ზე სიტყვით გამოსვლის დროს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ შეკრებილებს გააცნო.
პატრიარქის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგადად, ელჩების პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებით ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.
"ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს.
მოგეხსენებათ, ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან.
დარწუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.
ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც.
ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.
ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!". - ნათქვამია მიმართვაში.
"საზოგადოებისთვის თვალხილული და ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ძალები შესაძლებელს ხდის, ეკლესია მართოს ნიუანსურად, ან შემოგვთავაზოს კომპლექსური სოციო-პოლიტიკური მიმოხილვა.
ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომლის მოწვევის ვალდებულებასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება წელიწადში მინიმუმ ორჯერ ავალებს ამავე სინოდის თავმჯდომარეს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას, დიდი ხანია არ მოწვეულა. გონივრული ვარაუდით, სწორედ იმიტომ, რომ კათალიკოზი ვერ ახერხებს სხდომის გაძღოლას.
ასევე, ცნობილი და საპატრიარქოს მიერვე დადასტურებულია, რომ კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქართველოს საპატრიარქოს ერთმა ფრთამ (შორენა თეთრუაშვილი) დაამონტაჟა ილია მეორის საახალწლო მილოცვა, რასაც მეორე ფრთის (შიო მუჯირი) კრიტიკა მოჰყვა. პატრიარქის ახალ ვიდეოს წინა წლის აუდიო გადაადეს, რაც გონივრული ვარაუდით მოხდა სწორედ იმის გამო, რომ მისი უწმიდესობა ვერ ახერხებს სათანადო ვერბალიზებას.
ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ტაბულა მკითხველის უკეთ ინფორმირების მიზნით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებებს, რომელიც არ არის წარმოთქმული უშუალოდ კათალიკოზ ილიას მიერ (და არ არის დამონტაჟებული) განიხილავს როგორც საპატრიარქოს ერთი ან ორი ფრთის კერძო მოსაზრებად, იმის მიხედვით, ვრცელდება ის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე თუ ორივეზე". - ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე.





