Warner Bros.

Warner Bros. Paramount-ის $108-მილიარდიან წინადადებაზე უარს ამბობს

Warner Bros Discovery-მ წილის მფლობელებს მოუწოდა, უარი თქვან Paramount Skydance-ის $108.4 მილიარდიან წინადადებაზე. 

Warner Bros-ის მიხედვით, Netflix-სთან შედარებით, Paramount-ის უფრო მაღალი ღირებულების შეთავაზება "არაერთ და მნიშვნელოვან რისკთან" არის დაკავშირებული. 

Paramount-მა Warner Bros.-ის სტრიმინგ სერვისებსა და სტუდიური აქტივების შესაძენად ახალი წინადადება 9 დეკემბერს წარადგინა.

Paramount-ის წინადადება, მათ შორის, მოიცავს დაფინანსებას Affinity Partners-ისგან – საინვესტიციო კომპანიისგან, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობს. ასევე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ მართული რამდენიმე საინვესტიციო ფონდებისგან. ამავდროულად, წინადადება მხარდაჭერილია ელისონების ოჯახის მიერ – მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მეორე ადგილზე მყოფი ლარი ელისონი Paramount-ის ხელმძღვანელის, დევიდ ელისონი მამაა.

Wall Street Journal-ის ცნობით, Netflix-თან შეთანხმების მიღწევის გამოცხადების შემდეგ ლარი ელისონი ტრამპს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ეს ტრანზაქცია კონკურენციას დააზიანებდა. ინფორმაციას გამოცემა თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს.

Paramount-ის ხაზს უსვამს, რომ მათი შეთავაზება Netflix-ის წინადადებაზე უკეთესია, რადგან აქციონერებს 18 მილიარდ დოლარით მეტ ნაღდ თანხას აძლევს და ასევე რეგულატორების მხრიდან შეთანხმების დამტკიცებამდე გაცილებით მარტივ გზას ქმნის. ამასთან, მათი აზრით,  Paramount-ისა და Warner Bros.-ის გაერთიანება "საუკეთესო ინტერესში იქნება როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაუმჯობესებული კონკურენციით ისარგებლებენ".

აღსანიშნავია, რომ Paramount-ის შეთავაზება Warner Bros.-ის საკაბელო ტელევიზიის არხებსაც მოიცავს, Netflix-ის წინადადება კი Warner Bros.-ის კინო და სატელევიზიო სტუდიებით, ასევე, HBO-ით და HBO Max-ის სტრიმინგ სერვისით შემოიფარგლება.

კომენტარები