Paramount-მა ორშაბათს Warner Bros.-ის სტრიმინგ სერვისებსა და სტუდიური აქტივების შესაძენად ახალი წინადადება წარადგინა. 108.4 მილიარდ დოლარიანი შეთავაზებით Paramount ცდილობს აჯობოს Netflix-ს შექმნას მედია გიგანტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს დომინანტ სტრიმინგ პლატფორმას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Netdlix-მა Paramount-სა და Comcast-თან რამდენიმე კვირიანი სავაჭრო ომის შემდეგ, Warner Bros.-თან შეთანხმებას მიაღწია და პლატფორმას 83 მილიარდ დოლარად შეიძენდა, თუმცა, Paramount-ის ახალი წინადადება იმას ნიშნავს, რომ ისტორიული კინოსტუდიისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
ამასთან, Warner Bros.-ის დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ Paramount-ის შეთავაზებას განიხილავენ, თუმცა, Netflix-სთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ შეცვლიან. დირექტორთა საბჭომ კომპანიას ურჩია, რომ "ამ ეტაპზე არანაირი ნაბიჯი არ გადადგას" Paramount-ის წინადადებასთან დაკავშირებით.
Paramount-ის წინადადება, მათ შორის, მოიცავს დაფინანსებას Affinity Partners-ისგან – საინვესტიციო კომპანიისგან, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობს. ასევე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ მართული რამდენიმე საინვესტიციო ფონდებისგან. ამავდროულად, წინადადება მხარდაჭერილია ელისონების ოჯახის მიერ – მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მეორე ადგილზე მყოფი ლარი ელისონი Paramount-ის ხელმძღვანელის, დევიდ ელისონი მამაა.
Wall Street Journal-ის ცნობით, Netflix-თან შეთანხმების მიღწევის გამოცხადების შემდეგ ლარი ელისონი ტრამპს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ეს ტრანზაქცია კონკურენციას დააზიანებდა. ინფორმაციას გამოცემა თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Paramount-ის ხაზს უსვამს, რომ მათი შეთავაზება Netflix-ის წინადადებაზე უკეთესია, რადგან აქციონერებს 18 მილიარდ დოლარით მეტ ნაღდ თანხას აძლევს და ასევე რეგულატორების მხრიდან შეთანხმების დამტკიცებამდე გაცილებით მარტივ გზას ქმნის. ამასთან, მათი აზრით, Paramount-ისა და Warner Bros.-ის გაერთიანება "საუკეთესო ინტერესში იქნება როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაუმჯობესებული კონკურენციით ისარგებლებენ".
აღსანიშნავია, რომ Paramount-ის შეთავაზება Warner Bros.-ის საკაბელო ტელევიზიის არხებსაც მოიცავს, Netflix-ის წინადადება კი Warner Bros.-ის კინო და სატელევიზიო სტუდიებით, ასევე, HBO-ით და HBO Max-ის სტრიმინგ სერვისით შემოიფარგლება.





