უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ 17 დეკემბრის ღამეს იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარესა და როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე, რამდენიმე დღით ადრე, კასპიის ზღვის აკვატორიაში მდებარე ჭაბურღილზე.
გენშტაბის ცნობით, კრასნოდარის მხარეში მათი სამიზნე იყო ყუბანის სლავიანსკის ქარხანა "სლავიანსკი". დარტყმას მოჰყვა აფეთქება და ხანძარი. უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ ზარალს აზუსტებენ. ეს ობიექტი წელში 5.2 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.
როსტოვის ოლქში სამიზნე იყო "ნიკოლაიევსკაიას" ნავთობბაზა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია რეზერვუარი და ბორანი. ასევე, უკრაინის ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე საარტილერიო საწყობზე.
რაც შეეხება კასპიის ზღვაში მიტანილ იერიშებს, უკრაინის გენშტაბში თქვეს, რომ დადასტურებულია ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება, რის შედეგადაც 14-მა ჭაბურღილმა მუშაობა შეწყვიტა. დრონების სამიზნე რ. გრაიფერის სახელობის საბურღი დანადგარი იყო.





