პუტინისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ჩეჩნური სპეცრაზმი ახმატის მეთაურის, აპტი ალაუდინოვის შემდეგ ინტერვიუ რუსეთის დუმის დეპუტატს, ალექსეი ჟურავლიოვს ჩამოართვა.
ჟურავლიოვი რუსეთის დუმის დეპუტატი 2011 წლიდანაა. ის პარტია Родина-ს (სამშობლო) თავმჯდომარეა. VIII მოწვევის დუმაში, 2021 წელს ის დეპუტატად ტამბოვის ერთმანდატიან საარჩევნო ოკრუგ N177-ში აირჩიეს. მისმა პარტიამ ხმების 0.8% მიიღო. ჟურავლიოვი შევიდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიის ფრაქციაში. ჟურავლიოვი რუსეთის სახელმწიფო დუმაში თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს.
ჟურავლიოვის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია მიმდინარეობს, რაც, მისივე მტკიცებით, დასავლეთში აშინებთ.
"მათ აშინებთ, მაგალითად, ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაცია საქართველოსთან. უკვე ღიად რომ ვთქვათ. იმიტომ, რომ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რათა ჩვენი ერები დაეპირისპირებინათ. მაგრამ საბოლოო ჯამში საღი აზრი ზეიმობს და ეს მათთვის, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. მათ ურჩევნიათ, რომ საქართველოსაც მართავდნენ ისეთები, როგორებიც არიან კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ არც ისტორიაზე, არც ქვეყნების ნაციონალურ ინტერესებზე, ვინც ყველაფერს სულელურად უთმობენ კოლექტიურ დასავლეთს. მადლობა ღმერთს, ჩვენი ურთიერთობა ლაგდება და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე იქნება და ჩვენ დავუბრუნდებით ტრადიციულ ურთიერთობას, როგორიც გვქონდა და ვიმედოვნებ რომ გვექნება მოძმე ერთა შორის." - თქვა ჟურავლიოვმა.
საუბარში პუტინისტი მჟავანაძე ირწმუნებოდა, რომ ქართველებს სურთ იყვნენ ისეთ კავშირში, რომელშიც იქნებიან რუსეთი და ბელარუსი. მისი თქმით, საჭიროა "ანტიფაშისტური კოალიციის" შექმნა, რომელშიც საქართველო შევა.
"ჩვენ მსგავსი კავშირისთვის აბსოლუტურად ღია ვართ და მეტიც, ვიღებთ გარკვეულ ძალისხმევას." - თქვა ჟურავლიოვმა და დაამატა, რომ მსგავსი კავშირი ფაქტობრივად არსებობს. მან მოიყვანა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედროების გაგზავნის მაგალითი.
ასევე, მჟავანაძე ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ "მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთს ამ მძიმე მომენტში". ქართველმა პუტინისტმა რუსი დეპუტატი საქართველოში დაპატიჟა.
ჟურავლიოვი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც.
"რაც შეეხება დღევანდელ ურთიერთობებს. ვფიქრობ, აქ არის იურიდიული სირთულეები რომლებიც გადასაჭრელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეღარ წავალთ უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შემდეგ, საქართველო კი არ ეთანხმება ასეთ პოზიციას და ეს არის მთავარი წინაღობა ჩვენს ურთიერთობებში. როგორ გადაწყდება ეს? დღეს ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მე ვხედავ ტენდენციას, ტენდენცია ძალიან ხელსაყრელია." - თქვა დუმის დეპუტატმა.
ჟურავლიოვის თქმით, რუსეთის მხრიდან შეუძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკუქცევა. მისი თქმით, პრობლემა გადაიჭრება, თუ საზღვრები გაიხსნება და გადაადგილება თავისუფალი იქნება ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო.
"ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, ჯერ ვაღიარეთ, ახლა აღარ ვაღიარებთო. ეს შეუძლებელია, როგორც გესმით. შესაბამისად, საქართველოს არ უნდა აღიაროს რეალობა, რაც უკვე მოხდა. შესაბამისად, ამ ურთიერთობაში მე ვხედავ ერთადერთს: უნდა განახლდეს ურთიერთობა და შემდეგ რანაირი იქნება სიტუაცია? აი, ჩვენ ხომ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და ჩვენთვის სულ ერთი იყო, ვისია ყირიმი, ხომ? უკრაინული? არავინ იცოდა ვისი იყო. როცა შევძლებთ ერთმანეთთან ვიზების გარეშე ჩასვლას და საზღვრების თავისუფლად გადაკვეთას და თავისუფლად იმოძრავებენ... ხალხს კი ეს უნდა. თქვენ ხომ იცით, რომ ხალხს ეს უნდა? და ისინი სწორედ ამას უჭერენ მხარს. იმას, რომ თავისუფლად გვქონდეს კავშირი ჩვენს ქვეყნებთან, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. აი, რა სჭირდებათ. რადგან ნათესავები ხომ ორივე მხარეს არიან. მაშინ ჩვენ შევძლებთ მისვლას გაგებასთან და კონსენსუსთან." - თქვა რუსმა დეპუტატმა.
ჟურავლიოვის თქმით, პროცესები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განახლებისკენ მიდის.
"ჩემი აზრით, ყველაფერი აქეთკენ მიდის, რომ ჩვენს შორის განახლდეს ყველა ურთიერთობა და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება. ჩვენც უნდა გავიგოთ, რომ სწორს ამბობდით, [საქართველო] 30 წელი იყო ოკუპირებული [დასავლეთის მიერ] და ახლა გამოდის. გამოდის სირთულეებით. როგორ ებრძვით ამ საშინელებას, რაც ქვეყნის შიგნით ზრდიდნენ, სოროსის ლეკვებს, ამ არამზადებს. ისინი ამას ჯერ კიდევ უჭერენ მხარს." - თქვა ჟურავლიოვმა.
რუსი დეპუტატის მტკიცებით, "რუსეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოს აყვავების საწინდარია". ის ირწმუნება, რომ რუსეთის მიერ ვაჭრობის სრულად გახსნისა და ყველანაირი შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაში "10 წელში საქართველოს ვერ იცნობენ". "ყველა ჩვენიანი იქ წავა" - თქვა მან.
"ისინი პროქართველები არიან, არა პროკრემლისტები." - თქვა რუსმა დეპუტატმა ქართულ ოცნებაზე.
"[ამერიკელებს] არ გამოსდით საქართველოს ხელისუფლების ყიდვა, რადგან ისინი არიან პროქართველები, პროკრემლისტებიც კი არ არიან, მაგრამ აღარ არიან პროდასავლელები." - დაამატა მან.
ხომ არ მოსულა დრო, ქართველები რუსეთს დაუბრუნდნენ? – რა ილაპარაკა ალაუდინოვმა საქართველოზე





