ზელენსკი: მზად ვარ არჩევნებისთვის, თუ მოკავშირეები პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის არჩევნებისთვის, თუ დასავლელი მოკავშირეები პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ მან ონლაინ პრესკონფერენციის ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოითხოვდნენ მისგან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არჩევნების ჩატარებას, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, უკრაინა არჩევნებისთვის მზად არის.

"ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ჩვენი პარტნიორებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ღიად გეტყვით, მე არჩევნებისთვის მზად ვარ

არჩევნების ჩასატარებლად საჭიროა ორი საკვანძო საკითხის გადაწყვეტა – პირველ რიგში, უსაფრთხოება: როგორ უნდა ჩავატაროთ დარტყმების ქვეშ, როგორ შეძლებენ მონაწილეობას ჩვენი სამხედროები და მეორე: საკანონმდებლო საფუძველი, რათა არჩევნების ჩატარებას ლეგიტიმაცია ჰქონდეს. და დიახ, რადგან ამ საკითხს აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: მე მზად ვარ არჩევნებისთვის.

გარდა ამისა, მე ახლა ვთხოვ აშშ-ს და სურვილის შემთხვევაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, რომ დაგვეხმარონ არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ შემთხვევაში უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩატარებისთვის მომდევნო 60–90 დღის განმავლობაში. პირადად მე მაქვს როგორც სურვილი, ასევე მზადყოფნა ამისთვის.

მივმართავ ჩვენი ფრაქციის დეპუტატებს და ყველა პარლამენტარს, ვთხოვ, რომ მოამზადონ წინადადებები საკანონმდებლო ჩარჩოსა და საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებების შესახებ.

უკრაინაში ხვალ ვბრუნდები. ველოდები წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისგან და დეპუტატებისგან. მე მზად ვარ არჩევნებისთვის". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აბსურდული უწოდა მოსაზრებებს, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მისი მხრიდან პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნების სურვილია.

მანამდე, Politico-სთან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დროა. 

"ისინი სულ დემოკრატიაზე საუბრობენ, თუმცა უკვე იქამდე მიდის, რომ ეს აღარ არის დემოკრატია". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები