რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პრორუსი ამერიკელი მოხალისის წამებით მოკვლისთვის რუს სამხედროებს პატიმრობა მიუსაჯეს

რასელ ბენტლი

8 დეკემბერს რუსეთში სამ სამხედროს 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლი 63 წლის ამერიკელი მოხალისის, რასელ ბენტლის, წამებისა და მოკვლის გამო.

ბენტლი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკიდან გასული წლის აპრილში, მისი ცოლის თქმით, უკრაინული ძალების მხრიდან დაბომბვის შემდეგ დაიკარგა. თუმცა, გამომძიებლების მიხედვით, რუსმა სამხედროებმა მას სცემეს და წამებით მოკლეს, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვა მანქანაში მისი ცხედრის აფეთქებით სცადეს. 

რუსულმა სამხედრო სასამართლომ დანაშაულისთვის ორ ჯარისკაცს 12-წლიანი, ხოლო მესამეს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლოს განცხადებით, რასელ ბენტლი, რომელსაც რუსულ სამთავრობო მედიაში აშშ-ს მთავრობა ჰყავდა გაკრიტიკებული, წამებით მოკლეს, რათა მისგან მიეღოთ ცრუ აღიარება, რომ თითქოს იგი უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო დაჯგუფების წევრი იყო და დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშებზე პასუხისმგებლობა მას ეკუთვნოდა. 

2022 წელს Rolling Stone-მა რასელ ბენტლის, მეტსახელად "დონბასელი კოვბოის", შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მოთხრობილი იყო, თუ როგორ გახდა ტეხასელი მემარცხენე "პროპუტინისტი პროპაგანდისტი."

ბენტლის მოპოვებული ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობაც და რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ისთვისაც მუშაობდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რუსმა სამხედროებმა ბენტლი სამხედრო სარემონტო ობიექტთან იპოვეს, სადაც იგი უკრაინული იერიშის შემდგომი მდგომარეობის გადასაღებად ემზადებოდა. ჯარისკაცებმა არაფრად ჩათვალეს მისი განმარტება, რომ ჟურნალისტი იყო, რის შემდეგაც თავზე ტომარა გადააფარეს, სცემეს და წამებით მოკლეს. 

კომენტარები