გერმანია

გერმანიის პარლამენტმა არმიის გაზრდის მიზნით სამხედრო სამსახურის ახალი მოდელი დაამტკიცა

ბუნდესვერი - გერმანიის შეიარაღებული ძალები
Noah Wedel/picture alliance

5 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო სამსახურის ახალ კანონს, რომლის მიზანიც რუსეთთან დაძაბულობის ფონზე გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და NATO-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

ახალი ორვარიანტიანი სისტემის ფარგლებში, უფრო მომგებიან ნებაყოფლობითი სამსახურის მიზანი უფრო მეტი ახალგაზრდა ახალწვეულის მიზიდვაა, თუმცა, თუკი მსურველთა რაოდენობა არასაკმარისი იქნება, პარლამენტს შეეძლება, საჭიროების მიხედვით სავალდებულო გაწვევა დაიწყოს.

სავალდებულო გაწვევის ასამოქმედებლად ბუნდესტაგში ხელახალი კენჭისყრის გამართვა იქნება საჭირო, ხოლო ახალწვეულთა შერჩევა შესაძლოა, შემთხვევითობის პრინციპით მოხდეს, თუკი შესარჩევი პირების რაოდენობა საჭიროზე მეტი იქნება.

დამტკიცებული გეგმით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ექვს თვეში ერთხელ პარლამენტს სამხედრო გაწვევის მონაცემებზე ანგარიშს წარუდგენს. 

ახალი კანონპროექტი, რომელიც ბუნდესვერის მნიშვნელოვნად გაფართოებას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს აქტიური სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის 260 000-მდე გაზრდას, რაც ამჟამად 183 000-ია, და ასევე 2035 წლისთვის, სულ მცირე, 200 000-იანი რეზერვის შექმნას. 

ამას გარდა, ეტაპობრივად 2008 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებული ყველა კაცი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რაც პირველი მსგავსი ზომა იქნება 2011 წლის შემდეგ, როცა გერმანიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური გააუქმა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახურში მსახურობაზე მზადყოფნის გამოცხადების შესახებ წერილს კაცებთან ერთად ქალებიც მიიღებენ, თუმცა პასუხის გაცემის ვალდებულება მხოლოდ კაცებს ექნებათ.

კომენტარები