რუსეთის რესპუბლიკა

რუსეთმა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ალექსეი ნავალნი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

სასამართლოს დადგენილება ანტიკორუფციულ ფონდს (ФБК) შეეხო, რომელიც აშშ-ში რეგისტრირებული ერთეულია და 2022 წლიდან ნავალნის მოძრაობის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენდა. ФБК-მ მანამდე არსებული ანტიკორუფციული ფონდი ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წელს "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე ოლეგ ნეფიოდოვმა თქვა, რომ ФБК-ის აქტივობების მთავარ მიზანს "ტერორიზმის ხელშეწყობა, გამართლება და მხარდაჭერა" წარმოადგენდა. 

ზოგადად, მოსამართლე ნეფიოდოვი ადრე ხელმძღვანელობდა საქმეებს, რომლებიც  ე.წ "საერთაშორისო LGBT მოძრაობის" აკრძალვასა და რუსეთის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის ამოღებას ეხებოდა.

თავის მხრივ, სასამართლოს განაჩენს ორგანიზაციაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სწორედ ვლადიმირ პუტინი და მისი ხელქვეითები არიან ნამდვილი ტერორისტები - ხალხი, რომელმაც ომი დაიწყო, მოქალაქეებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კლავს და განსხვავებული აზრის ადამიანებს აპატიმრებს."

ორგანიზაციამ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ტაქტიკა უწოდა, რომელიც ფონდის მიერ თანხების მოზიდვისა და კრიტიკის აკრძალვისკენ არის მიმართული და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებები და ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფები შესაძლოა, მალე მსგავსი მოპყრობის წინაშე აღმოჩნდნენ. 

კომენტარები