რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული მედია: კრემლში მიიჩნევენ, რომ აშშ-ს 28-პუნქტიან გეგმას გადახედვა სჭირდება

REUTERS/Stringer

რუსულ მედიაში გამოცემა Вёрстка-ს კრემლთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსული მხარის აზრით, აშშ-ს მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა არსებული ფორმით ვერ დაინერგება და მას გადახედვა ესაჭიროება.

Вёрстка-ს წყაროების თქმით, ტრამპის გეგმა სამომავლო შეთანხმების საფუძვლად შეიძლება იყოს განხილული და არა - დოკუმენტად, რომელსაც შესაძლოა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწეროს. 

რუსული გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ მედიაში განხილული გეგმა "მზად არ არის." 

"მიმდინარეობს ტექსტისა და დეტალების დაზუსტება და გარანტიებთან, უკრაინის არმიის ზომასთან დაკავშირებით პრობლემებია. ასევე არსებობს კითხვები სანქციებთან და [გაყინულ რუსულ] აქტივებთან დაკავშირებითაც," ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

ამასთან, რუსეთის ფედერალური მთავრობის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებშია ჩართული, გამოცემას დაუდასტურა, რომ 28-პუნქტიანი გეგმა ზედმეტად ბევრ "ბუნდოვან პუნქტს" შეიცავს, რაც მხარეებს შორის საკამათო საკითხების მოგვარებას "განუსაზღვრელი ვადით" ახანგრძლივებს.

"საჭიროა, რომ ყველა ეს საკითხი გასწორდეს და მკაფიოდ განიმარტოს, მაგრამ ტრამპი ჩქარობს და ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი [პუტინი] - არც ისე," აღნიშნა წყარომ. 

კომენტარები