კლასიკური მუსიკა

გერმანიაში იოჰან სებასტიან ბახის აქამდე უცნობი ორი ნაწარმოები შეასრულეს (VIDEO)

FINE ART IMAGES/HERITAGE IMAGES/GETTY IMAGES

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, წმინდა თომას ეკლესიაში, გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის, იოჰან სებასტიან ბახის აქამდე უცნობი ორი ნაწარმოები შეასრულეს

ორგანისთვის დაწერილი ორი ნაწარმოები, რომლებიც თავდაპირველად 1992 წელს ბრიუსელში აღმოაჩინეს, გერმანიაში 320 წლის შემდეგ პირველად შესრულდა, რასაც ქვეყნის კულტურის მინისტრმა "მუსიკის სამყაროსთვის დიდებული მომენტი" უწოდა.

ბელგიის სამეფო ბიბლიოთეკაში მათი აღმოჩენის შემდეგ მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ ნაწარმოები ბახის დაწერილი იყო, თუმცა ამის მტკიცებულებები არ გააჩნდათ. რამდენიმე წლის შემდეგ კი მათ 1729 წლით დათარიღებული წერილი აღმოაჩინეს, რომელიც ხელწერით საკმაოდ ჰგავდა ბრიუსელში აღმოჩენილ ხელნაწერს. მკვლევრებმა აღნიშნული წერილი ბახის ყოფილ მოსწავლეს, სალომონ გიუნტერ იოჰანს მიაკუთვნეს.

თუმცა, ბოლო პერიოდში, იოჰანის უფრო ადრეული პერიოდის წერილების აღმოჩენით მიაგნეს ხელნაწერს, რომელიც ორი ნაწარმოების ასლის შესაქმნელად გამოყენებულ ხელწერას ჰგავდა, რის შემდეგაც მკვლევრებმა ნაწარმოებების ბახთან დაკავშირება დადასტურებულად შეძლეს. 

ბახის ექსპერტმა და მუსიკოლოგმა, პეტერ ვოლნიმ, რომელმაც 1992-ში ორი ნაწარმოები აღმოაჩინა, აღნიშნა, რომ ახლა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ "ასლები დაახლოებით 1705 წელს ბახის მოსწავლის, სალომონ გიუნტერ იოჰანის" მიერაა გაკეთებული.

აღსანიშნავია, რომ ეს ბახის ნაწარმოებების აღმოჩენის პირველი შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ორგანზე შესრულებული ნაწარმოებების საპრეზენტაციო ვიდეო ლაიფციგის ბახის არქივმა საკუთარ იუთუბ არხზეც გაავრცელა:

ნაწარმოებები იმავე ეკლესიაში შესრულდა, სადაც ბახია დაკრძალული და სადაც გერმანელი კომპოზიტორი 27 წლის განმავლობაში კანტორიც იყო.

კომენტარები