უკრაინა

ზელენსკი პირობას დებს, რომ ქვეყანაში კორუფციული სქემის სრულად გამოძიებას ემხრობა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ქვეყანაში დღითიდღე მზარდი კორუფციის სკანდალის სრულ გამოძიებას, რამაც უკრაინის ხელმძღვანელობა, მათ შორის, ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორიც მოიცვა. 

"ყველაზე მნიშვნელოვანია სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დამნაშავეები არიან," განაცხადა ზელენსკიმ გამოცემასთან ინტერვიუში, რომელიც 12 ნოემბერს კიევში ჩაწერეს: "ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს არ უნდა ჰყავდეს არანაირი მეგობრები," დაამატა მან. 

12 ნოემბერს ზელენსკიმ მთავრობას თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის, ტიმურ მინდიჩისა და კიდევ ერთი ბიზნესმენის, ოლექსანდრ ცუკერმანის, სანქცირების თხოვნით მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე კორუფციულ სქემაშია გარეული. 

11 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) გამოაქვეყნა ეროვნული ატომური ენერგოგამომმუშავებელი კომპანია "ენერგოატომთან" დაკავშირებული გამოძიების მესამე ნაწილი. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც იუსტიციის მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე - თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.

НАБУ-ს გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერს, იულია სვირიდენკოს, ჰალუშჩენკოსა და ენერგეტიკის მინისტრის სვეტლანა ჰრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლება დაავალა. 

უკრაინის პრეზიდენტმა Bloomberg-ს ასევე განუცხადა, რომ მინდიჩთან მას შემდეგ არ უსაუბრია, რაც კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება გამოცხადდა. 

10 ნოემბერს НАБУ-მ და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) განაცხადეს, რომ ენერგოსექტორში "მასშტაბური" მექრთამეობის შესახებ ჩატარებული 15-თვიანი გამოძიების ფარგლებში ხუთი პირი დააკავეს. 

ამას გარდა, დეტექტივებმა განაცხადეს, რომ კორუფციულ სქებაში ჩართული იყო ყოფილი პრემიერმინისტრი, ოლექსი ჩერნიშოვიც, რომელიც შეთქმულებაში იდენტიფიცირებაც "ჩე გევარას" მეტსახელით მოხდა. 

საგამოძიებო სააგენტოებმა ტელეგრამზე დაწერეს, რომ ფლობენ მტკიცებულებებს, რომელიც აჩვენბს, თუ როგორ გადაუგზავნეს კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ჩერნიშოვს $1.2 მილიონი და თითქმის €100 000 ფულადი სახით. სააგენტოების ცნობით, ყოფილ პრემიერს უკანონო გამდიდრების ეჭვზე უკვე ბრალდება უკვე წარუდგინეს. 

"როგორც პრეზიდენტმა მე უნდა უზრუნველვყო, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოებს ყოველგვარი ძალაუფლება ჰქონდეთ და არ მქონდეს მე მათზე გავლენა. კანონის წინაშე ყველა თანასწორად პასუხისმგებელი უნდა იყოს." - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები