აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს, ღამით, ხელი მოაწერა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს, რითაც აშშ-ს ისტორიაში მთავრობის ე.წ. შათდაუნის ყველაზე ხანგრძლივი, 43-დღიანი პერიოდი დასრულდა.
მთავრობის დახურვის გამო ბოლო კვირების განმავლობაში ხელფასებს ვერ იღებდნენ ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულები, გადადებული იყო სახელმწიფო სასურსათო დახმარების პროგრამები და გართულებული იყო ქვეყნის შიგნით საჰაერო მიმოსვლა.
ხელმოწერის ცერემონია მას შემდეგ გაიმართა, რაც წარმომადგენელმა პალატამ კანონპროექტი ხმების 222-209-ზე გადანაწილებით დაამტკიცა. მანამდე, 10 ნოემბერს, იგივე კანონპროექტი სენატმა მიიღო. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების გარდა კანონპროექტს მხარი ექვსმა დემოკრატმა დაუჭირა. ხოლო სენატში კანონპროექტს 60 მხარდამჭერი ჰყავდა, მათ შორის, თითქმის ყველა რესპუბლიკელი და ასევე რვა დემოკრატი სენატორიც.
შეთანხმების შედეგად სამთავრობო პროგრამების დაფინანსება დროებით იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. თავის მხრივ, რესპუბლიკელებთან გარიგების ფარგლებში დემოკრატებმა ჯანდაცვის დაზღვევაში სუბსიდიების გახანგრძლივების შესახებ კენჭისყრის გამართვაზე პირობა მიიღეს.
ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს დამტკიცებული არ ჰქონდა.





