ვენესუელა

ვენესუელამ შეიარაღებული ძალების საყოველთაო მობილიზაცია დაიწყო

კარიბის ზღვაში აშშ-ს სამხედრო ფლოტის შესვლის ფონზე ვენესუელაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

ინფორმაციას გამოცემა CNN ვენესუელის თავდაცვის მინისტრზე, ვლადიმირ პადრინო ლოპესზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლოპესის თქმით, ოთხშაბათს, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შენაერთები მასშტაბურ წვრთნას დაიწყებენ.

რეგულარული ჯარის გარდა წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს ბოლივარის მილიცია – მოქალაქეების მიერ დაკომპლექტებული სამხედრო შენაერთი, რომელმაც ყოფილმა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა ჩამოაყალიბა.


ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების.

მოგვიანებით, 25 ოქტომბერს პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა.

ბოლო მონაცემებით, ავიამზიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა, ხორვატიის სანაპიროდან დაიძრა.

კარიბის ზღვაში აშშ-მ მსხვილ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ავიამზიდის გარდა, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე განთავსებულია F-35B-ს ტიპის 10 ავიაგამანადგურებელი, AV-8B Harrier ტიპის 6 ავიაგამანადგურებელი, 7 მოიერიშე დრონი MQ 9 Reaper და 13 ვერტმფრენი.

გარდა ამისა, ვენესუელის ჩრდილოეთით კრეისერისგან, ოთხი სარაკეტო ნაღმმზიდისა და სანაპირო ზონის საბრძოლო გემისგან შემდგარი ჯგუფი კურსირებს. თითოეულ სამხედრო ხომალდს 32 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გადატანა შეუძლია. 

მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში 9 ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჰქონდა.

"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ", – განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.

კომენტარები