უკრაინა

კორუფციის გამოძიების ფონზე, უკრაინაში იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებს ათავისუფლებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის სფეროში კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებებზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პრემიერმინისტს, იულია სვირიდენკოს დაავალა, მოვალეობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო და ენერგეტიკის მინისტრი სვეტლანა ჰრინჩუკი. ჰალუშჩენკო აქამდე, 2021 წლიდან 2025 წლის 17 ივლისამდე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო.

ზელენსკის თქმით,  ენერგეტიკულ სფეროში უნდა იყოს "პროცესის მაქსიმალური სისუფთავე" და ყველა ანტიკორუფციულმა გამოძიებამ უნდა მიიღოს სრული მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. მისივე თქმით "ენერგოატომის" ხელმძღვანელობას "გაასუფთავებენ და გადატვირთავენ".

"ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი არ უნდა დარჩნენ თანამდებობებზე. ეს, მათ შორის, ნდობის საკითხია. თუ არსებობს ბრალდება, მას პასუხი უნდა გაეცეს. მოვალეობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება  ოპერატიულია, უსწრაფესია. მე ვთხოვე უკრაინის პრემიერმინისტრს, რომ განცხადებულ იქნას ამ მინისტრთა გათავისუფლების შესახებ." - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ უმაღლესი რადის დეპუტატებს ამ განცხადებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერმინისტრმა სვირიდენკომ რადას მინისტრთა გათავისუფლების წინადადება უკვე გადასცა. ამას გარდა, ზელენსკიმ გამოაცხადა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება და თქვა, რომ მიიღებს საპასუხო ზომებს იმ ორი პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) გამოძიებაში ფიგურირებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დროს "აბსოლუტურად არანორმალურია", როცა ენერგოსფეროში კორუფციული სქემები კვლავ არსებობს.

აქამდე, 11 ნოემბერს НАБУ-მ გამოაქვეყნა ეროვნული ატომური ენერგოგამომმუშავებელი კომპანია ენერგოატომთან დაკავშირებული გამოძიების მესამე ნაწილი. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.

10 ნოემბერს ჩხრეკა ჩატარდა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს სახლში. უკრაინული მედიის ცნობით, ჰალუშჩენკო ქვეყნის ენერგოსფეროზე გავლენას ენერგეტიკის მოქმედი მინისტრის, სვეტლანა ჰრინჩუკისა და ამ უწყების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დახმარებით ინარჩუნებდა. 

12 ნოემბრის დილას უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ გაავრცელა ცნობა, რომ, НАБУ-ს გამოძიების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამავე დღეს დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი, იჰორ მირონიუკი.

კომენტარები