ივანიშვილის ბათუმის საკრებულოში 10 ნოემბერს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ განაცხადა, რომ "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობები დატოვეს რამდენიმე კომისიის თავმჯდომარეებმა.
აღნიშნული პირები კომისიების თავმჯდომარეებად 30 ოქტომბრის სხდომაზე აირჩიეს.
"7 ნოემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი თავდგირიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით მიქელაძის, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ლევან დავითაძის და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გოჩა მგელაძის წერილობითი განცხადებები, საკუთარი სურვილით თანამდებობების დატოვების შესახებ.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თანამდებობის პირს, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ თანამდებობის პირებს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ 8 ნოემბერს". - განაცხადა ივანე მაისურაძემ.
მისივე განცხადებით, საკრებულოში ასევე წარმოდგენილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეების, ნერიმან ცინცაძისა და ჯაბა ჭანტურიას პირადი განცხადებები, "ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ".
საკრებულომ განცხადებები ცნობად მიიღო. ასევე, კენჭი უყარა მათ მიერ თანამდებობის დატოვებას და ახალი თავმდჯომარეები აირჩია. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი თანამდებობებზე ერთმანეთს ჩაენაცვლა.
კერძოდ, ივანიშვილის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალ მოადგილედ აირჩიეს ლევან დავითაძე.
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ჯაბა ჭანტურია დაასახელეს, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარედ - გოჩა მგელაძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი - ნერიმან ცინცაძე.





