რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მზად არის აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს პერსონალურად შეხვდეს. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა “უკრაინის საკითხი” იქნება.
ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა რუსეთის მტკიცე პოზიციას, რომ ომის დასრულებისთვის მოსკოვის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.
"ჩვენ, მარკო რუბიოსთან ერთად, ვხვდებით, რომ რეგულარული კომუნიკაცია საჭიროა. ორმხრივი დღის წესრიგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის საკითხის განხილვა." - განაცხადა ლავროვმა რუსეთის სამთავრობო მედია RIA-სთან ინტერვიუში.
"ჩვენ ვსაუბრობთ ტელეფონით და მზად ვართ პირისპირ შესახვედრად, როდესაც საჭირო იქნება." - დაამატა ლავროვმა.
ცნობისთვის, გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით 1-ელ ნოემბერს წერდა, რომ აშშ-მ ტრამპსა და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც რუსეთმა აშშ-ს უკრაინისადმი უკომპრომისო მოთხოვნების სია გადასცა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ილაპარაკეს.
როგორც გამოცემა წერდა, რუბიოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი მოლაპარაკებში ჩართვის სურვილს არ ავლენდა.
"ლავროვი აშკარად დაღლილია და ფიქრობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე აშშ-სთან შეხვედრა ან ჩართულობაა, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება სურდეს პრეზიდენტ პუტინს". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ FT-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.





