პროკურატურამ 24 ოქტომბერს დმანისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ წარსულში ნასამართლევ პირს, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება წარუდგინა.
შსს-მ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება 7 ნოემბერს გაავრცელა. უწყება წერდა, რომ "მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე".
პროკურატურის განცხადების თანახმად კი, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, "სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო".
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო. მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა". - წერს უწყება.
პროკურატურის განცხადებით, დაზარალებულის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი 2025 წლის 5 ნოემბერს გახდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.





