კრიმინალი

ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა – შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს. 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე. მიღებული დაზიანების შედეგად დ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

ქვემო ქართლის პოლიციამ, დ.დ.-ს ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები