უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ჯარები წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, სოფელ კრუგლიაკივკაში ომის დანაშაული ჩაიდინეს და ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც თეთრი დროშით მიდიოდნენ, დრონებით დახოცეს. სადესანტო ჯარების 77-ე ბრიგადა წერს, რომ, მათი მონაცემებით, ოკუპანტებმა მოქალაქეები განზრახ მოკლეს, რათა ეს ყველაფერი უკრაინელი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. მათი ცნობით, შემთხვევა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია ასახული, 3 ნოემბერს მოხდა.
77-ე ბრიგადის პოსტიდან ერთი დღით ადრე, 3 ნოემბერს იგივე ვიდეო რუსულ ტელეგრამ არხებსა და სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებში გავრცელდა. ირწმუნებოდნენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს. ვიდეოს გადაღების ადგილად არა კრუგლიაკივკას, არამედ პეტროპავლოვკას ასახელებდნენ. თუმცა შემდეგში ერთ-ერთმა Z ბლოგერმა, იური კოტიენოკმა დაწერა, რომ ვიდეო არა პეტროპავლოკაში, არამედ კრუგლიაკივკა-ბერესტოვეს გზაზე, ბორივსკის რაიონში იყო გადაღებული.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ორი ადამიანი ძაღლთან ერთად. წინ მიმავალ პირს თეთრი დროშა აქვს აწეული. დრონი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ადამიანის გარშემო გარკვეული დროის განმავლობაში დაფრინავს. თეთრდროშიანი პირი, რომელსაც თან ახლავს ძაღლი, დრონს უყურებს და პირჯვარს იწერს. მცირე ხნის შემდეგ დრონი მას ეჯახება და ფეთქდება. უკან მიმავალ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფრის შემხედვარე ასევე პირჯვარს იწერს, კიდევ ერთი დრონი მცირე ხნის შემდეგ ეჯახება და კლავს.
უკრაინის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ბრალდებების მიუხედავად, თითქოს მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინელმა სამხედროებმა დახოცეს, რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ აღძრულა.
კრუგლიაკივკა 2024 წლის შემოდგომიდან რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა. პეტროპავლოვკას ჯერ კიდევ აკონტროლებენ უკრაინელი სამხედროები.
ანტიკრემლისტური რუსულენოვანი ტელეგრამ არხი Пепел-ი წერს, რომ დააკვირდნენ ვიდეოს გადაღების კუთხეს, რის საფუძველზეც ამბობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ტელეგრამ არხი ხაზს უსვამს, რომ გადაადგილების ეს მიმართულება ეწინააღმდეგება რუსულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები უკრაინული პოზიციებიდან შორს, რუსული პოზიციებისკენ მიემართებოდნენ.





