რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: უკრაინამ პოკროვსკში საბრძოლველად სპეციალური დანიშნულების ძალები გადასხა

ГУР

გამოცემა Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინამ ქალაქ პოკროვსკში საბრძოლველად სპეციალური დანიშნულების რაზმები გაგზავნა იმ ფონზე, როცა რუსეთი ირწმუნებოდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ალყაში მოაქციეს. 

მე-7 სწრაფი რეაგირების ძალების ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ ოპერაციის ფარგლებში უკრაინული სპეციალური დანიშნულების ძალები პოკროვსკში Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენიდან რამდენიმე დღის წინ გადმოსხეს, რაც რუსული დრონების გამო გართულდა. 

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ოპერაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, ხოლო სამხედროები ქალაქ პოკროვსკის იმ ნაწილებისკენ მიემართებოდნენ, რომელზეც რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ კონტროლქვეშაა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ტოვებს მიწაზე დაშვებულ ვერტმფრენს, სულ მცირე, 10 უკრაინელი სამხედრო. 

უკრაინის არმიის მიხედვით, პოკროვსკის თავდაცვითი ხაზები, სულ მცირე, 200-მა რუსმა სამხედრომ გაარღვია და ქალაქის შიგნით შეღწევა შეძლო. უკრაინის არმიის მეთაურმა 30 ოქტომბერს აღნიშნა, რომ ვითარება "რთული იყო" და დაამატა, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებობს მიწოდების ხაზებისა და თავდაცვის გაძლიერების საჭიროება. 

პარალელურად, გამოცემა Economist-ის ჟურნალისტმა, ოლივერ ქეროლმა X-ზე გაავრცელა გადაუმოწმებელი ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, პოკროვსკის სიახლოვეს, რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, უკრაინული ვერტმფრენის დაფრენის კადრებს ასახავს. 

"მეუბნებიან, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა მთავარი ლოჯისტიკური ხაზების კვლავ გასახსნელად გაბედულ კონტრშეტევას იწყებს პოკროვსკის სიახლოვეს," დაწერა ქეროლმა X-ზე. 

კომენტარები