"რა თქმა უნდა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ" - ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის წარმოადგენლის, ნინო წილოსანის მის წინააღმდეგ ე.წ. ცილისწამების საქმეზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"პიროვნულ დონეზე, ნინოს (რადგან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე, რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად თანავუგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი. ალბათ, პარალელურ სამყაროში კარგი ადამიანის სახელიც შეიძლება ჰქონოდა და ვხვდები, როგორ განიცდის ამას.
რაც შეეხება მარინა აზამანცევას…
ტყუილია, რომ სასამართლომ დაადასტურა, რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო "ქართული ოცნებისაგან" დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ერთი ნინო დათაშვილია კრიმინალი, ანდრო ჭიჭინაძე ბანდის წევრი, მზია ამაღლობელი უცხოეთის აგენტი და მე ცილისმწამებელი. რა თქმა უნდა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ ყველგან, სადაც საჭიროა.
იმედი განმიმტკიცდაო - დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ ეძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი, ყოველდღე.
კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში “იდუჰ ნიბორ”-ი რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.
და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ, თქვენივე პროკურატორას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ, როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს.
მეტს აღარაფერს ვიტყვი. ხალხი წლობითაა ციხეში გამოკეტილი და ეს შემთხვევა ორი საათითაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას" - წერს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
ივანიშვილის წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ წილოსანის და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
"ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება.
რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს". - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე 6 მაისს სოციალურ ქსელში წერდა, რომ წილოსანმა სასამართლოში უჩივლა და მისგან 10 000 ლარს ითხოვდა, ხოლო საქმე ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხებოდა, სადაც ღამბაშიძე წერდა, რომ წილოსანის ოჯახმა "ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი მოიპარა".
13 თებერვალს სოციალურ ქსელში საპასუხო სტატუსი გამოაქვეყნა ნინო წილოსანმა და წერდა, რომ ღამბაშიძე იტყუებოდა და თუ საჯაროდ არ უარყოფდა "ცრუ ბრალდებებს", სასამართლოში შეხვდებოდა





