კამერუნი

კამერუნში 92 წლის პრეზიდენტის მერვე ვადით არჩევას საპროტესტო აქციები მოჰყვა

REUTERS/Zohra Bensemra

კამერუნის პრეზიდენტი, პოლ ბიია, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მმართველი, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მერვე ვადით მოვიდა, რასაც პოლიციასა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკებები მოჰყვა. ოპოზიციური კანდიდატის, ისა ტჩირომა ბაქარის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

27 ოქტომბერს კამერუნის დედაქალაქ დუალაში ოპოზიციის მხარდამჭერებმა გზები ნანგრევებით და ცეცხლმოკიდებული საბურავებით გადაკეტეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სახის დაფარვას ნიღბით ან ტანსაცმლით ცდილობდნენ. 

ოპოზიციის თანახმად, გასულ შაბათ-კვირას დუალაში შეტაკებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. 

92 წლის ბიიამ, რომელიც ახალი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს 99 წლის იქნება, თქვა, რომ ხალხმა ნდობა კვლავ მას გამოუცხადა.

ამასთან, ბიიამ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ძალადობის გამო მწუხარება გამოთქვა. 

"უპირველეს ყოვლისა, ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებმაც არჩევნების შემდეგ ძალადობის გამო სიცოცხლე უმიზეზოდ დაკარგეს და მათ ოჯახებთან". - დაწერა ბიიამ. 

27 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა ოფიციალურმა შედეგებმა აჩვენა, რომ ბიიამ კამერუნის 12 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა - მან ხმების 53.66% მიიღო. ხელისუფლება დარღვევების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები