Reuters-ის ცნობით, ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში უკრაინული დრონების შეტევის მკვეთრი ზრდის ფონზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დასაცავად, რეზერვისტების გამოყენებას გეგმავს.
უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის რეგულარული არმია 1.5 მილიონ მოქმედ სამხედრო მოსამსახურემდე გაიზარდა. პუტინი ირწმუნება, რომ ამჟამად უკრაინაში, სულ მცირე, 700 000 სამხედრო იბრძვის და კიდევ 2 მილიონი ადამიანი აქტიურ რეზერვში იმყოფება.
ამასთან, რუსეთის ვიცეადმირალმა ვლადიმირ ციმლიანსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან შორი რადიუსის დრონების გამოყენებამ ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი ზონების დაზიანების საფრთხე გაზარდა.
''იმისთვის, რომ გავზარდოთ მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოება, მათ დაცვაში ყველაზე უკეთ მომზადებული პატრიოტი მოქალაქეების ჩართვის გადაწყვეტილება მივიღეთ," განაცხადა ციმლიანსკიმ.
მისივე თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები მობილიზაციის ფორმას არ წარმოადგენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზერვისტები არ ჩაერთვებიან იმაში, რასაც კრემლი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას'' ეძახის და მათ რუსეთის საზღვრებს გარეთ არ გაგზავნიან. სამინისიტროს განმარტებით, ყველა რეზერვისტი იმ რეგიონში იმსახურებს, სადაც ცხოვრობს.





