რუსეთში ვლადიმირ პუტინის მეთაურობით სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში შეხვედრის დაგეგმილი სამიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
კრემლის განცხადების მიხედვით, წვრთნების დროს გამოიყენეს ბირთვული სამების ყველა კომპონენტი: გამოცადეს იარსის ტიპის კონტინენტთაშორისი რაკეტა პლესეცკის ბაზიდან, ბარენცის ზღვაში გაუშვეს სინევას ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავი ბრიანსკიდან. ასევე, გამოიყენეს Ту-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიც, რომლებმაც შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები გამოცადეს.
რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ წვრთნების მიზანი იყო "ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცესის" სიმულაცია.
პუტინის მტკიცებით, სამხედრო მანევრები წინასწარ დაგეგმილი იყო, თუმცა ეს წვრთნები რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარდა იქიდან, რაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო, რადგან არ სურდა, რომ ეს სამიტი "დროის კარგვა" ყოფილიყო.
უნგრეთში შეხვედრის გადადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა. დიალოგის შემდეგ ლავროვმა ცხადად აღნიშნა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინაში დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტას.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ საჭიროა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ზედმიწევნით მომზადება, რადგან არც ერთ ლიდერს სურს "დროის ფლანგვა".





