4 ოქტომბერი

დაგეგმილია კარდიოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციები – პენიტენციური კოკაიაზე

სპეციალური პენიტემნიური სამსახური 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კოტე კოკაიას მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება

"10-11 დღეა აქ ვარ, ჩამწერეს კარდიოლოგთან - არ წამიყვანეს, ჩამწერეს თვალის ექიმთან - არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ. გაციებული ვიყავი ექიმთან არ წამიყვანეს, სათვალეები წამართვეს არ შეიძლება რკინაო. ექიმმა 5 შუნტიან და 4 სტენტიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი" - წერდა კოკაია წერილში, რომელსაც პენიტენციური სამსახური უარყოფს.

უწყება ამბობს, რომ კოკაიას რამდენჯერმე ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, ასევე დაგეგმილია კონსულტაცია ოფთალმოლოგთან, რომლის შემდეგაც ის შესაბამის სათვალეს მიიღებს. 

უწყების ცნობითვე, კოკაიას გულის უკმარისობა აქვს, რის გამოც დაგეგმულია კონსულტაცია.

"ბრალდებული კ. კოკაია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

პარალელურად, სამედიცინო პერსონალის მიერ შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულ კ. კოკაიას აღენიშნება გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია კარდიოლოგის კონსულტაცია.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.

რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში, 2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.

რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კ. კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად". - ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში. 

უწყების თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

კომენტარები