4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
პროკურატურამ მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მუხლით წარუდგინა.
"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა - მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას, მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მარიამ მეყანწიშვილი 17 ოქტომბერს დააკავეს. ადვოკატის თქმით, მასალაში დანაშაულის ამსახველი კადრები არ იყო.





