ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

საია: შეტანილი ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებაა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას, რომელიც რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს ეხმაურება. 

საიას შეფასებით, კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებაა და ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობა. 

განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ეს კანონპროექტი - "აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს."

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონპროექტში არ ჩანს თუ რას მოიცავს "პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება", ეს ტოვებს "ინტერპრეტაციის ფართო არეალს და ქმნის მისი ბოროტად გამოყენების რისკს." 

საია აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტი "წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან."

"აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 13 მაისს, ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც, მათივე თქმით, უზრუნველყოფს "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას. აღნიშნულის შედეგად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა) არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).”

პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა, წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და  თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრ სახემწიფოებს აკისრიათ ვალდებულება დაიცვან ინდივიდების უფლება - თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით.

პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია: ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულია სანაცვლო სამართლებრივ სიკეთესთან შედარებით. პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად, არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებებისთვის. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის კავშირში იყო პარტიასთან, რომელიც აიკრძალა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ვარიანტით ეს პასუხისმგებლობა არ არის დროითი ვადით შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპროციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.

წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოვებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს - კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში ქართულ ოცნებას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.

ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები