აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ "ჩინეთი ზედმეტად აგრესიული ხდება" და ქვეყნებს "წერილებს" უგზავნის, რომელშიც მათ ექსპორტით შეზღუდვებით ემუქრება.
"ჩინეთში ძალიან უცნაური მოვლენები ხდება! ისინი ზედმეტად აგრესიულები ხდებიან და მთელ მსოფლიოში ქვეყნებს უგზავნიან წერილებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ექსპორტის კონტროლის დაწესება წარმოების ყველა იმ ელემენტზე სურთ, რომელიც იშვიათ წიაღისეულთანაა დაკავშირებული და პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი მოაფიქრდებათ" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ტრამპმა თქმით, ამ მოვლენების გათვალისწინებით ის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძიფინგთან ორ კვირაში კორეაში დაგეგმილი შეხვედრის აზრს ვეღარ ხედავს.
"არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ჩინეთს უფლება, რომ მსოფლიო "ტყვედ" ჩაიგდოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ამას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, დაწყებული "მაგნიტებით" და სხვა წიაღისეულით, რომლებიც ფარულად მონოპოლიური პოზიციის შესაქმნელად მოაგროვეს - საკმაოდ ბნელი და მტრული ნაბიჯია, რბილად რომ ითქვას.
თუმცა, შეერთებულ შტატებსაც აქვს მონოპოლიური პოზიციები - ბევრად უფრო ძლიერი და შორმხედველი, ვიდრე ჩინეთის. მე უბრალოდ ვარჩიე, რომ აქამდე ისინი არ გამომეყენებინა - ამის მიზეზი არასდროს ყოფილა - აქამდე!" - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ჩინეთის პასუხზე იქნება დამოკიდებული გახდება თუ არ ის იძულებული, რომ პეკინის წინააღმდეგ ფინანსური ნაბიჯები გადადას. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად ტრამპი ჩინურ იმპორტზე მაღალი ტარიფის დაწესებას ასახელებს.





