ქართული ოცნება მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას გამოეხმაურა. განცხადება პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა გააკეთა.
"გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა. მისთვის ამ ჯილდოს გადაცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ერთგვარი გაგრძელებაა, რაც რამდენიმე წელია, გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც პოლიციელს მიზანმიმართულად თავს დაესხა და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცველს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას - დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი მედიის მიმართ.
მეორე მხრივ, ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამ შემთხვევაში, ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, შედეგად კი ვხედავთ, რომ დავალების პირნათლად შესრულება დაუფასეს და საერთაშორისო ასპარეზზე გმირად გამოგვიცხადეს. სწორედ ესაა "დიფსთეითის" ხელწერა - პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის მხოლოდ გაუკუღმართებული სტანდარტი არსებობს, როცა მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს კი რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად ისე მოიხსენიებენ, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც არ შეუძლიათ". - თქვა გრძელიშვილმა.
რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.





