დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

NYT: ტრამპის მრჩევლები, რუბიოს ხელმძღვანელობით, მადუროს რეჟიმის დამხობას ემხრობიან

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩევლებმა გააძლიერეს მცდელობები, რათა ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობაში დაარწმუნონ. 

მაღალჩინოსნების თქმით, ამ ძალისხმევას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. NYT-ის ცნობით, რუბიო ამბობს, რომ მადურო არალეგიტიმური ლიდერია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ექსპორტს ზედამხედველობს, რაც რუბიოს აზრით, აშშ-სთვის "მყისიერ საფრთხეს" წარმოადგენს.  

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ს არმიამ კარიბის ზღვაში იერიშები მიიტანა ვენესუელიდან მომავალ ნავებზე, რომლებსაც, ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, ვენესუელური ბანდები ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის იყენებდნენ. თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუბიო მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აგრესიული სტრატეგიის დასახვას ცდილობს იმ ფონზე, როცა პენტაგონმა რეგიონში 6 500-ზე მეტი სამხედრო განალაგა. 

NYT-თან საუბრისას მაღალჩინოსნებმა ასევე დაამატეს, რომ რუბიოს მიდგომას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი და ტრამპის მთავარი მრჩეველი შინაგან საქმეთა საკითხებში, სტივენ მილერიც ემხრობიან. 

რუბიო ხშირად ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2020 წელს მადუროსა და სხვა ვენესუელელ მაღალჩინოსნებს ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. ბოლო პერიოდში რუბიომ ასევე თქვა, რომ მადურო "ამერიკული მართლმსაჯულებისგან გაქცეული" პირი და "ტერორისტული ორგანიზაციისა და ორგანიზებული კრიმინალური ორგანიზაციის უფროსია, რომლებიც ქვეყანას დაეუფლნენ."


დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.

ხოლო 18 იანვარს გამოცემა Axios წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს. გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან". 

კომენტარები