"რა თქმა უნდა, კარგია თუ ელჩის დაბარება ხდება, ეს პრაქტიკა არის ბევრ ქვეყანაში, როდესაც ელჩი აირევა და მას უღალატებს პროფესიული ქცევა და სინდისი, მას იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად" - ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებაზე.
წულუკიანის განცხადებით, ელჩებმა საქართველოს "ხელი შეაჩვიეს".
"ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არავისზე არ ვთქვა, რომ დავასრულეთ ზოგიერთი ელჩის დაკრულზე ცეკვა, ეს ვერ შევძელით მანამდე, მმართველობის პირველ წლებში, მაგრამ ეს ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, იმიტომ რომ გავძლიერდით და ბევრი გამოცდილება მივიღეთ.
[...]
საქართველოში ჩამოსული არაერთი ქვეყნის არაერთი ელჩი, არამხოლოდ ისინი, ვინც ახლა აქ იმყოფებიან, არამედ ისინიც ვინც წარსულში აქ იმყოფებოდა, ყველამ ხელი შეაჩვია საქართველოს და ხელი შეაჩვია უშნოდ. ეს ზოგჯერ იყო და არის ბულინგის ფორმით გამოხატული, არის შეურაცხმყოფელი და ძველი დროის ქმედებებს ჰგავს, ძველ დროში მათ შორის ვგულისხმობ, როდესაც კოლონიები არსებობდა". - თქვა წულუკიანმა.
ივანიშვილის დეპუტატი ამტკიცებს, რომ დახურულ კადრს მიღმა ელჩები ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
"ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუნდაც გერმანიის ელჩის ამპარტავნულ ქცევას, ძალიან მხატვრულად რომ ვთქვა, თქვენ წარმოგიდგენიათ დახურულ კარს მიღმა ასეთი ადამიანები როგორ შეიძლება იქცეოდნენ?! ეს წარმოუდგენელია, მე ამ კონკრეტულ ადამიანზე არ ვსაუბრობ, მისი მაგალითი მომყავს ილუსტრირებისთვის, თუ რა შეიძლება ხდებოდეს, როდესაც მათ იციან, რომ ჟურნალისტები და კამერა არ უყურებთ, ან არ გახმაურდება, აქ შეიძლება იყოს უზრდელობა, შეურაცხყოფაც და მიჩნევა იმისა, რომ შენ არ ხარ თანასწორი. თუმცა, ის რაც ქართულმა ოცნებამ შეძლო და პირდაპირ ვამბობ, არავის არ უნდა გვეწყინოს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რესურსისა და მისი ძალის დამსახურება, ჩვენ მაინც შევძელით, როგორც პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ეს წითელი ხაზი არავის არ გადმოვალახინეთ და ეს წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი, მეც მომისმენია ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ამას ნუ შევეხებით და პარტნიორობისთვის მზად ვართ". - ამბობს წულუკიანი.
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი და კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი ერთმანეთს 25 სექტემბერს შეხვდნენ. პეტერ ფიშერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა.
"შევხვდი, რათა მეკითხა, რომ გერმანიის მთავრობის ხარჯები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების კანონისგან, რადგან ისინი უკვე გათვალისწინებულია გერმანია-საქართველოს შორის მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვა. პასუხი: არა" - დაწერა ფიშერმა.
წულუკიანს ჟურნალისტმა აღნიშნულზეც ჰკითხა, რაზეც ივანიშვილის დეპუტატმა თქვა, რომ ეს მოთხოვნა უსამართლო და მიუღებელია.
"სადმე კაფეში რომ ვისხდეთ ყავასთან, გეტყოდით, რომ მისი ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ ის არ არის ამქვეყნად. უფრო ოფიციალურ ენაზე რომ ვთქვა, ეს მისი მოთხოვნა უსამართლო, მიუღებელი და გაუგებარია, ერთი მარტივი მიზეზი გამო, კანონი ეხება ყველას. კანონში ვერ ჩაიწერება, რომ კონკრეტულ გრანტებს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ვუწესებთ ამა და ამ ახალ წესს, გარდა გერმანიიდან მომდინარე გრანტებისა, ასეთი რამე კანონში არ იწერება". - თქვა წულუკიანმა.
ფიშერის განცხადებით, "გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებისკენ მიმართავს". წულუკიანის შეფასებით კი ეს "ბავშვობანას თამაშს ჰგავს" და გერმანიის ელჩს დასერიოზულებისკენ მოუწოდებს.
"ეს ბავშვობანას უფრო ჰგავს, დროა რომ ის დასერიოზულდეს და საქართველო აღიქვას იმად, რაც საქართველო არის". - თქვა წულუკიანმა.





