რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზახაროვას მტკიცებით, კიევი რუმინეთსა და პოლონეთში დივერსიას მოაწყობს და რუსეთს დააბრალებს

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა უნგრულ მედიაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთსა და პოლონეთში დივერსიის მოწყობას და რუსეთის დადანაშაულებას აპირებს, რათა რუსეთსა და NATO-ს შორის დაპირისპირება გააჩაღოს.

ამის შესახებ ზახაროვა საკუთარ Telegram-არხზე წერს.

"დღეს ერთდროულად რამდენიმე უნგრულმა მედიამ დაწერა ზელენსკი გეგმების შესახებ, რომ რუმინეთსა და პოლონეთში დივერსიები მოაწყოს, რათა ისინი რუსეთს დააბრალოს. ასე რომ, ბანკოვაზე [რედ. - ქუჩა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს] თავიანთ "გლაივიცის ინციდენტს" ამზადებენ იმ მიზნით, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომის Casus belli შექმნან". - ირწმუნება ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მტკიცებით, კიევი აპირებს, რომ ჩამოგდებული რუსული დრონები გაარემონტოს და მათი მეშვეობით რუმინეთსა და პოლონეთში NATO-ს მსხვილ სატრანსპორტო ჰაბებზე იერიში მიიტანოს, შემდეგ კი თავდასხმაში მოსკოვი დაადანაშაულოს. 

ზახაროვა ასევე წერს, რომ თუკი ეს "დადასტურდება", მაშინ "შეეძლებათ აღიარება", რომ "ევროპა მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან ასე ახლოს თანამედროვეობაში აქამდე არასდროს არ ყოფილა". 

კომენტარები