რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სახდეპი: რუბიომ ლავროვს უთხრა, რომ მათი მხრიდან მშვიდობის მიმართულებით ნაბიჯებია საჭირო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრასთან დაკავშირებით სახდეპის სპიკერის პირველი მოადგილის, ტომი ფაიგოტის განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, რუბიომ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ლავროვთან საუბრისას ხელახლა გაიმეორა, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

"სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მდივანმა გაიმეორა ტრამპის მოწოდება, რომ მკვლელობა დასრულდეს და რომ მოსკოვის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი დასრულების მიმართულებით შინაარსობრივი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გაეროს ასამბლეის დაწყების დღეს, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინი და რუსეთი "დიდ ეკონომიკურ გასაჭირში" იმყოფებიან და დაამატა, რომ ახლა უკრაინის მოქმედების დროა. 

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტრამპის განცხადების პასუხად ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი "ქაღალდის ვეფხვი" არ არის, არამედ დათვია, ხოლო "ქაღალდის დათვები" არ არსებობენ და რუსეთი "ნამდვილი დათვია". 

კომენტარები