ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ანდორამ, ბელგიამ, მონაკომ, ლუქსემბურგმა და მალტამ პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარეს

Miguel J. Rodríguez Carrillo | Corbis News | Getty Images

22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობა მონაკომ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, მალტამ და ანდორამ აღიარეს მას შემდეგ, რაც წინა დღით იგივე ნაბიჯი გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ავსტრალიამ და პორტუგალიამ გადადგა. 

ბელგიის პრემიერმინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით ბელგია "მსოფლიოს ძლიერ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზავნილს" აძლევს. თუმცა, მან დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფოს სამართლებრივი აღიარება მხოლოდ მაშინ მოხდება, "როცა ყველა მძევალი გათავისუფლდება და ჰამასის მსგავსი ყოველი ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოშორებული იქნება პალესტინის მართვის სადავეებიდან."

ამასთანავე, მონაკოს პრინცმა ალბერტ II-მ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავიდანვე იცავდა ისრაელის უფლებას, "იცხოვროს უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში და ჰქონდეს უსაფრთხოება მის შიგნით," ისევე როგორც "პალესტინელი ხალხის უფლებას, ჰქონდეთ სუვერენული, სიცოცხლისუნარიანი, დემოკრატიული სახელმწიფო."

ხოლო მალტის პრემიერმინისტრმა, რობერტ აბელამ თქვა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი ჰამასისთვის "ყველაზე ცუდი შედეგია" და დაამატა, რომ ჰამასს სამომავლოდ პალესტინის მართვაში არანაირი როლი არ უნდა ჰქონოდეს. 

ამას გარდა, ლუქსემბურგის პრემიერი ლუკ ფრიდენი ირწმუნება, რომ ეს არ არის "ისრაელის ან მისი მოსახლეობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება" და ასევე არ წარმოადგენს "ჯილდოს ძალადობისთვის".

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და კანადის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "გამარჯვება" უწოდა.

"რამდენადაც შორს არ უნდა წავიდეს ოკუპაცია თავისი დანაშაულების კუთხით, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენი ეროვნული უფლებების წაშლას," განუცხადა მაჰმუდ მარდავიმ AFP-ს. 

თავის მხრივ, დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების პასუხად, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".

"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.

"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 

ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.

"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.

ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."

პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, რომელმაც თქვა, რომ ეს ნაბიჯი "ჰამას აჯილდოებს."

პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, რომ "ჰამასს აჯილდოებ და არ მგონია, რომ ისინი უნდა დაჯილდოვდნენ."

"მე ამ ბანაკს არ მივეკუთვნები. გაცნობებთ, სადაც ვდგავართ, მაგრამ ამ ბანაკში არ ვარ. თუ ამას გააკეთებ, რეალურად ჰამასს აჯილდოებ და მე ამას არ ვაპირებ." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

კომენტარები