დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის პასუხად თალიბანი აშშ-სთვის ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებაზე უარს ამბობს

EPA

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თალიბანის რეჟიმს დასჯით დაემუქრა, თუკი ავღანეთი ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ყოფილ ამერიკულ ავიაბაზას აშშ-ს უკან არ დაუბრუნებს.

“თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას უკან არ დაუბრუნებს მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!” - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 21 სექტემბერს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა, ფასიჰუდდინ ფიტრატმა განაცხადა, რომ “ზოგიერთ ადამიანს” ბაზის “პოლიტიკური შეთანხმებით” დაბრუნება სურს. 

“ავღანეთის მიწის თუნდაც ერთ ინჩზე შეთანხმებაც კი შეუძლებელია. ჩვენ ეს არ გვჭირდება”. - დაამატა ფიტრატმა.

ოფიციალურ განცხადებაში თალიბანის რეჟიმმა აღნიშნა, რომ “ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია.”


აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქვეყნიდან გასვლისას, 2021 წელს მიატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთში აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა და ოცწლიანი ომის ლოჯისტიკური ცენტრი იყო.

ცნობისთვის, ტრამპს აქამდე ბევრჯერ უთქვამს, რომ ბაგრამის ბაზას არასდროს დათმობდა. 2020 წლის თებერვალში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თალიბანთან დადებულ პირველ შეთანხმებაში ეს სამხედრო ბაზა ნახსენები არაა. ხელშეკრულება აშშ-ს და თალიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა, რასაც თოთხმეტ თვეში ამერიკული ჯარების სრული გაჰყვა უნდა მოჰყოლოდა.

კომენტარები