აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ-ს არმიამ სავარაუდო ვენესუელელი ნარკოკარტელის ხომალდზე იერიში მიიტანა, რაც ბოლო კვირებში მეორე მსგავსი შემთხვევაა.
ტრამპის თქმით, იერიშის შედეგად სამი პირი დაიღუპა და დაამატა, რომ შემთხვევა საერთაშორისო წყლებში მოხდა.
"დღეს დილით, ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა მეორე კინეტიკური დარტყმა მიიტანეს პოზიტიურად იდენტიფიცირებული, არაჩვეულებრივად ძალადობრივი ნარკოტრეფიკინგის კარტელებისა და ნარკოტერორისტების წინააღმდეგ აშშ-ს სამხრეთის სარდლობის (SOUTHCOM) პასუხისმგებლობის ზონაში," დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
გავრცელებულ პოსტში ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა 30-წამიანი ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ნარკოკარტელების ხომალდზე იერიშის მიტანის კადრები ჩანს.
მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ "ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ტვირთს შეხედოთ, რომელიც მთელ ოკეანეზე მიმოიფანტა, კოკაინისა და ფენტანილის დიდი ჩანთები."





