ქრთამის აღება

ქრთამის სახით მოქალაქეს გამოართვა 650 ლარი - საგამოძიებომ სეს-ის თანამშრომელი დააკავა

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებული მუშაობდა ვეტერინარის თანამდებობაზე და მოქალაქეს "სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი."

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე და სხვა მოვალეობებთან ერთად, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ლ.კ-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები