ოპოზიციონერების დაკავება

სახალხო დამცველი: ადვოკატებს ხაბეიშვილთან და ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ

სახალხო დამცველის განცხადებით, ადვოკატებს დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევათ.

სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს "ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება დაუყოვნებლივ უზრუნველყოს".

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა.

დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება".


ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა სუს-მა დააკავა

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს. 

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის თქმით, ხაბეიშვილის დაკავების დროს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც, მისივე განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა.

კომენტარები