ოპოზიციონერების დაკავება

ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს

სუს-ის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს. 

"ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდა და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გდდ-ს თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ - ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000$-ის გადახდას.

გარდა ამისა, ხაბეიშვილი 200 000$-ის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს მიაწვდიდნენ. ის ამ თანხას ქრთამის სახით გდდ-ს თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც დაჰპირდა". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს. 

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის თქმით, ხაბეიშვილის დაკავების დროს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც, მისივე განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა.

"ხაბეიშვილის დაკავების დროს, მასთან ერთად მურთაზ ზოდელავაც დავაკავეთ, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე თავისი მობილური ტელეფონი მიაწოდა, ზოდელავამ კი ამ ტელეფონის გადამალვის მიზნით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანზე იძალადა. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა გაგნიძემ.

სუს-ის დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

კომენტარები