ოპოზიციონერების დაკავება

ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ზოდელავას კი 9 თვით

ლევან ხაბეიშვილი, მურთაზ ზოდელავა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

თავდაპირველად ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს.

სასამართლომ აღნიშნული მუხლი სსკ-ს 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვლიფიცირა - რაც გულისხმობს საბოტაჟს - "საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა". ამ ნაწილში ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან ერთად, ხაბეიშვილს ბრალად ედებოდა სსკ-ის 317-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული, რაც გულისხმობს "საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ". აღნიშნული მუხლით ხაბეიშვილს 2.5 წელი მიუსაჯეს.

მურთაზ ზოდელავას სუს-ის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 9 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა, რომელიც აღნიშნულ განაჩენს შთანთქავს.

საუბარია ზოდელავასთვის წარდგენილ ბრალზე - "სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილს ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ", აღნიშნულ საქმეზე მას 7 მაისს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ედავებოდნენ გდდ-ს თანამშრომლებისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას. 

"ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდა და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გდდ-ს თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ - ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000$-ის გადახდას.

გარდა ამისა, ხაბეიშვილი 200 000$-ის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს მიაწვდიდნენ. ის ამ თანხას ქრთამის სახით გდდ-ს თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც დაჰპირდა". - ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს. 

გარდა ამისა, ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებოდნენ ხაბეიშვილის დაკავების დროს მისი ტელეფონის გადამალვის მიზნით გაქცევის მცდელობას და ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურ ძალადობას. 

"ხაბეიშვილის დაკავების დროს, მასთან ერთად მურთაზ ზოდელავაც დავაკავეთ, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე თავისი მობილური ტელეფონი მიაწოდა, ზოდელავამ კი ამ ტელეფონის გადამალვის მიზნით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანზე იძალადა. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძემ.

კომენტარები