ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის 46%-ია, წინააღმდეგი კი 43%.
კვლევაში ასევე მოცემულია თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც. კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა – 71%, ლიტვაში – 62%, ლატვიაში – 62%, დანიაში – 61%, კვიპროსში – 58%, ხორვატიაში – 57%, სლოვაკეთში – 57%, უნგრეთში – 57%, ესპანეთში – 56%, საბერძნეთში – 54%, ნიდერლანდებში 52%, პორტუგალიაში – 51%.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ავსტრიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში ჰყავს.
კერძოდ, ავსტრიაში წინააღმდეგია გამოკითხულთა 64%, ხოლო მომხრე 29%; ჩეხეთში წინააღმდეგია 61%, მომხრე 29%; გერმანიაში წინააღმდეგია 53%, მომხრე 37%; იტალიაში წინააღმდეგია 49%, მომხრე 45% საფრანგეთში წინააღმდეგია 48%, მომხრე 36%.
ამავდროულად, კვლევის მიხედვით, ზოგადად ევროკავშირის გაფართოებას წევრი ქვეყნების მოქალაქეთა 56% უჭერს მხარს.
კვლევა დღეს კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამოქვეყნდა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა.





