უკრაინული სამხედრო-ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის მიერ 29 აგვისტოს გამოქვეყნებული რუკების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის სიახლოვეს, სოფელი მირნე გაათავისუფლეს.
გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, აღნიშნული პოზიციები რუს სამხედროებს ქალაქ კუპიანსკამდე მიმავალი 104-კილომეტრიანი გზის კონტროლის საშუალებას აძლევდა.
სოფლის გათავისუფლება დაადასტურა დნიპროს ოპერაციულ-სტრატეგიული ჯგუფის სპიკერმა, ვიკტორ ტრეჰუბოვმაც. "ამ დროისთვის რუსები მირნედან განდევნეს. დაჭრილი ან მოკლული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია არ არის. ჩვენი ძალები წინ მიიწევენ," განუცხადა ტრეჰუბოვმა გამოცემა Suspilne-ს 30 აგვისტოს.
ბოლო კვირებში უკრაინამ დასახლებები გაათავისუფლა დონეცკის ოლქშიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი 21 აგვისტოს წერდა, რომ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა 6 დასახლება გაათავისუფლეს და ასობით რუსი ოკუპანტი მოკლეს.
24 აგვისტოს კი მან განაცხადა, რომ უკრაინელებმა დამოუკიდებლობის დღეს რუსი ოკუპანტებისგან ფრონტის ხაზზე მდებარე დამატებით სამი სოფლის გათავისუფლება შეძლეს.





