რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Politico: ტრამპის ზარის შემდეგ ორბანმა EU-ში უკრაინის გაწევრიანება შესაძლოა აღარ დაბლოკოს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

როგორც გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარის შემდეგ შესაძლოა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ვეტო აღარ დაადოს

ორბანს ინფორმაციასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

აქამდე უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ინიციატივას არაერთხელ შეწინააღმდეგებია და განუცხადებია, რომ უკრაინა წევრობისთვის მზად არ არის.

ცნობისთვის, ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიტვა უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. 

LRT-ის ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს კოპენჰაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრამდე გაგზავნილ წერილში ლიტვა წერს, რომ ევროკავშირმა "გადამწყვეტი ნაბიჯი" უნდა გადადგას, რათა ბლოკში უკრაინის გაწევრიანება "ხელშესახები და შეუქცევადი" იყოს. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გამოცემა Bloomberg ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს.

Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, ორბანთან დარეკვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თეთრ სახლში ტრამპი ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზებს განიხილავდა. Bloomberg-ის წყაროების თქმით, გარკვეულ ეტაპზე ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს სთხოვეს, რომ ორბანზე მისი გავლენა EU-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს შეჩერების მიზნით გამოეყენებინა.

კომენტარები