რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

The Guardian: ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დროებით ჩამოცილდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

The Guardian საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დროებით ჩამოცილდა და ფიქრობს, რომ მომდევნო ნაბიჯი პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრაა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ტრამპი ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობას არ აპირებს. 

გამოცემის თანახმად, ტრამპმა თავის მრჩევლებს ბოლო დღეებში უთხრა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის მოწყობას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც ისინი ერთმანეთს ორმხრივად შეხვდებიან. 

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ტრამპს პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის მოწყობის შესაძლებლობაზე "დავიცადოთ და ვნახოთ მიდგომა" აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში პროგრესის გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა.

"ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი რუს და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ჩართულობას აგრძელებენ ორმხრივი შეხვედრის მისაღწევად, რათა დასრულდეს მკვლელობა და დასრულდეს ომი. [...] ამ საკითხების დამატებით საჯაროდ განხილვა ეროვნულ ინტერესში არ შედის". - წერია თეთრი სახლის მიერ მედიისთვის გაზიარებულ განცხადებაში. 

დღეს, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის სავარაუდო ადგილებად შვეიცარია, ავსტრია და თურქეთი დაასახელა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა შეხვედრის მოსკოვში გამართვის ვერსიაზე და ბუდაპეშტში გამართვის შესაძლებლობას "რთული" უწოდა უნგრეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე დაფიქსირებული პოზიციის გამო.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს თქვა, რომ პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების "პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ "უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს, ნახოს, თუ რა მოხდება. 

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს. 

კომენტარები