ოკუპირებული აფხაზეთი

ტუჟბას აზრით, ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საქართველოს "უპირობო მხარდაჭერას" გადახედოს

ირაკლი ტუჟბა
Sputnik / Томас Тхайцук

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა გამოეხმაურა აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე აშშ-ს მიერ გაეროში საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციისთვის არ შეერთების ფაქტს.

"საქართველოს მხარდასაჭერად დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების მსგავსი ერთობლივი განცხადებები ტრადიციული გახდა და ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ. ამ დოკუმენტებს აქვთ ღიად ანტირუსული სახე და მიზანმიმართული არიან ჩვენს რეგიონში სამუდამო დაძაბულობის შენარჩუნებისკენ." - წერია ტუჟბას განცხადებაში. 

ტუჟბას თქმით, აშშ-ს მიერ დეკლარაციისთვის შეერთებაზე უარის ფაქტი იძლევა ფიქრის საფუძველს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსადმი მიდგომებს შეცვლის.

"აღსანიშნავია ფაქტი, რომ 17 წელში პირველად, ერთობლივი განცხადების მხარდაჭერაზე უარი თქვეს აშშ-ს წარმომადგენლებმა. მსგავსი პრეცედენტი გვაფიქრებინებს, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა გადახედოს საკუთარ მიდგომას საქართველოს უპირობო მხარდაჭერისადმი, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიული პარტიისთვის, და უარი თქვას ანტირუსულ რიტორიკაზე, დიალოგის წარმართვისა და განადგურებული კავშირის ეტაპობრივი აღდგენის სასარგებლოდ." - წერს ტუჟბა.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს აქვს იმედი, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი დამოკიდებულებას შეიცვლის.

"ფაქტობრივად, ოფიციალურმა ვაშინგტონმა პირველად თქვა უარი დოკუმენტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს საკმაოდ საგულისხმო ნაბიჯია, რომელიც ახდენს უფრო პრაგმატული პოლიტიკის დემონსტრაციას, რაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას გულისხმობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრეცედენტი აისახება აშშ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლილ შეხედულებებში საქართველოს უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით." - ნათქვამია განცხადებაში.

აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე აშშ გაეროში საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას პირველად არ შეუერთდა. დეკლარაციას ხელს აწერენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო და სლოვენია, ასევე, საბჭოს მომავალი წევრი, ლატვია.

 

კომენტარები