უკრაინის მიერ ნავთობსადენ Дружба-ზე მდებარე ტრანსფორმატორულ სადგურზე თავდასხმის შედეგად უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ნავთობსადენი Дружба-ს საშუალებით იღებს, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსულ ნავთობს ბელარუსისა და უკრაინის გავლით აწვდის.
სიიარტოს თქმით, ის ესაუბრა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, პაველ სოროკინს, რომელმაც უთხრა, რომ ტრანსფორმატორული სადგურის აღდგენაზე ექსპერტები მუშაობენ, თუმცა, უცნობია, როდის განახლდება ნავთობის მიწოდება.
"ჩვენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მიყენებული ეს ბოლო დარტყმა აღმაშფოთებელი და მიუღებელია". - წერს სიაარტო სოციალურ ქსელში.





